,,განრთხმული ვწევარ შემოდგომის ამ წყნარ და მთვარიან ღამეს საკუთარ საწოლში...საწოლი მასიური ხის არის,აქლემის კუზის ფორმის თავით.საწოლი საკმაოდ მყარია...ამ ბოლო დროს ჩემდაუნებურად გადავეჩვიე ზურგზე წოლას.საშინლად მსიამოვნებს ემბრიონის პოზა,ან სულაც ჩამხობილი,მოდუნებული სხეულით... სახის ჩემს ღვინისფერ ბალიშში თავჩარგვით ძილი...ამგვარი პოზა თითქმის ჩვეულებად მექცა...
ამ ღამით ჩვეულების და საწინააღმდეგოდ მდუღარე აბაზანა მივიღე,არადა ვერ ვიტან ცხელ წყალს...საერთოდ წყალი მიყვარს ძალიან...ზოდიაქოსი არ მჯერა,მაგრამ მეუბნება შენი სტიქიააო.ცხელი წყალი ბავშვობიდან მძულს თურმე---დედისგან მსმენია.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,ზამთარშიც კი გრილი წყალი მირჩევნია...
წყალი მიყვარს,ზღვა იმიტომ მიყვარს,რომ ვგრძნობ წყლის სიცივე როგორ მაყრის ბუსუსებს კანზე...ახლა კი...ახლა ზღვის ფერ საწოლში ვარ გაშოტილი,თავზე ლაჟვარდისფერ ხილაბანდ-წაკრული,გვერდზე უზარმაზარი შავი კატა მიწევს...ისიც ჩემსავით თითქოს და უდარდელად გაშხლართულა და საამოდ კრუტუნებს...საოცარ სიამეს მანიჭებს ამ ცხოველის სხეულზე შეგრძნება...მაწყნარებს,სიმშვიდის ჰიპნოზით მთანგავს.მჭიდროდ შეკრული ცოცხის ღერებივით ერთად უყრის თავს ნერვების მორგვს მისი ბეწვის თბილი მოკარება...საკვირველია არა?! ყველა individum-ს თავისებური ,,ინდივიდუალური'' ხუშტური აქვს...
ირგვლივ სიბნელე და სიმშვიდეა.ბაღში გამავალი ჩემი საძინებლის ერთადერთი,უზარმაზარი ფანჯრიდან ღამის თრითინას უხმო ჭრიჭინი ისმის...ჩემი ბალიში საცოდავად არის მიჭმუჭნილი საწოლის კუთხეში.სადღაა ბალიშის ადგილი,მე და კატას გვიჭირავს მთელი სივრცე......
ვეღარ ვხვდები მძინავს თუ ჯერ კიდევ ღვიძილში ვარ.ეს კი ვიცი,რომ თვალები ღიად არ მაქვს...მაგრამ აშკარად ვხედავ ფოსფორისფერ ნახევარმთვარეს...მთვარე ძალიან პატარაა და შორს არის ჩემგან,პირდაპირ ჩემი თვალის წინ,თითქოს ზედ გუგაში მიზის ეს ოხერი მთვარე,მაგრამ ძალიან შორს არის მაინც.,,ღმერთო'' ვფიქრობ ,,რა ლამაზია ეს ერთი ციდა მთვარე''.ციცქნა მთვარემ კი თითქოს ამის გაფიქრებას ელოდაო,ელვისუსწრაფესად იწყო ზრდა.გაიზარდა!!!
გაიზარდა თვალსა და ხელს შუა...იმოდენა გაიზარდა,რომ ჩემი თვალის გუგაში აღარ ეტევა...მივხვდი,რომ მთვარემ ნელ-ნელა იწყო ფორმის შეცვლა,ფერის შეცვლაც...ახლა ლურჯი თუ იისფერი გახდა...არა ცისფერია...ეს რა გამოეზარდა?!ვერცხლისფერი სატევარი გამოჰყო უცებ გიჟმაჟმა მთვარემ...ჰოი,საოცრებავ, ეს... ეს ხომ ნისკარტია?ჰო,ეს ნისკარტია ნამდვილად.იისფერი ლურჯმა შეცვალა,ლურჯი --- ცისფერმა,ცისფერი --- თეთრმა,თეთრი ისევ იისფერმა.ასე მელოდიურად იცვლებოდა ფერები მთვარის...არა ნისკარტიანი მთვარის...უცებ ნისკარტს ზემოთ რაღაც აფახულდა...ეს თვალი უნდა იყოს! მთვარემ თუ რაღაცამ გიშრისფერი თვალი,პირდაპირ თვალში გამიყარა და მისმა სიპრიალემ თვალი მომჭრა...
ელავდა პაწია,მრგვალი გიშერი...ზემოდან,კინკრიხოს გაგრძელებაზე,ისევ ის ფერთა მოზაიკა ანცობდა...მე ახალი საფიქრალი გამიჩნდა ამის თაობაზე...მთვარე აშკარად აღარ იყო მთვარე,მან ფორმა იცვალა.აბა სად გინახავთ იისფერი მთვარე და ისიც წელში გაღუნული?!...
ეს მთვარე კი არა რაღაც ნისკარტიანი არსება იყო,იქნებ ჩიტია?!იქნებ თუთიყუშია?!არა,თუთიყუშს არ უგავს ნისკარტი.ეს ჩიტია... ჩიტია...ძალიან ლამაზი კია რაცაა...
მერე თითქოს ფერები დაწყნარდნენ და და ერთმანეთს ადგილი აღარ წაართვეს...ჯერ იისფერი შედგა,მერე ლურჯი,მერე ცისფერი,ბოლოს თეთრი...ოღონდ თეთრს ოქროსფერი წინწკლები გასდევდა კუდის რიკამდე...ფრთები დაეშვა---ლურჯად დაფერილი ცისფერი ფრთები... თეთრი ბუმბული აშლოდა მკერდზე და ნისკარტის წვერით ისწორებდა.ნისკარტი ვერცხლისფერ სხივებს აფრქვევდა ირგვლივ ელექტრონის შუქივით აღაჟღაჟებდა ნუშის ფორმის სივრცეს---ჩემს თვალს......
სხეულზე ბასრი ბრჭყალის ნაზი შეხება ვიგრძენი...ეს კატა გადაბრუნდა და შავი ფეხების თეთრი დაბოლოებები ჰაერში აპლაკა...რაც შეეძლო მჭიდროდ მომეკრო თეძოზე...ბრჭყალი დამადო---შემახსენა მისი იქ ყოფნა...როცა მეფერბა ასე იცის,ბრჭყალს დამასობს ხოლმე მსუბუქად...ბეწვი გაუხურდა,თითქოს ცეცხლი მოეკიდა...თეძო მიხურს,სადაც ის მეხება...ხელით ვიშორებ...დაშტერებით მაკვირდება---არაა ჩვეული ჩემგან უარყოფას...ნაწყენი ვარ კატაზე სიზმარი რომ გამაწყვეტინა,ჩემი ლურჯი ფრინველი რომ დამაკარგვინა...ეჰ,შემიყვარდა მე ის პატარა ლურჯი ფრინველი,თითქოს ჩემს ოცნებას გავდა---შემთხვევით ნაპოვნს,უცებ გულში შემოჭრილს და ასევე უცბად დაკარგულს...ხატვა მაინც ვიცოდე დავხატავდი ჩემს დაკარგულ ოცნებას---ლურჯ ფრინველს...''